პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები – ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. დამნაშავედ ცნო, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქაღტველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ-მ, ჩ.ფ-მ და ო.მ-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში მათ მიერ დარეგისტრირებული გამოგონილი პიროვნების, კერძოდ, ვითომდა საქართველოში მცხოვრებ, წარმოშობით გერმანელ ფრენკ ლუკას ბალაკის სახელით კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან – აშშ-ის მოქალაქე დ.კ-სთან. ნდობის მოპოვების შემდეგ, ბრალდებულები გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოჰყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. დ.კ-მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რასაც ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ჩ.ფ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 124 008 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ჩ.ფ-მ, მასთან დაკავშირებული პირის მეშვეობით, განკარგა პირად სარგებლობაში გადაცემული, თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების დასაფარად, რა გზითაც მოახდინა 10 200 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები