ლგბტ პირები სოჭის ოლიმპიადის პარალელურად აქციებს გამართავენ

სოჭში, ოლიმპიური თამაშების პარალელურად, გეების უფლებების დამცველები საპროტესტო აქციებს გამართავენ. ისინი რუსეთის კანონმდებლობას გააპროტესტებენ, რადგან თვლიან, რომ  ფედერალური ხელისუფლება ლგბტ პირების უფლებებს არღვევს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსეთში არასრულწლოვნებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს. რის შემდეგაც, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ლგბტ – ს წარმომადგენლები რუსი გეების უფლებების შელახვის და დამცირების გამო ხმაურიან განცხადებებს აკეთებდნენ.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს  ამ ფორმით სურთ, ოლიმპიადის საერთაშორისო სპონსორების ყურადღება  მიიპყრონ და მათ  რუსეთში სექსუალური უმცირესობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიადის სპონსორები, ისეთები, როგორებიც „მაკდონალდსი“, „კოკა-კოლა“ და „სამსუნგი“ არიან,  საკამათო საკითხებს გადაჭრიან.
აქციის მთავარი ორგანიზატორის მარი კემპბელის თქმით, კანონი „გეი – პროპაგანდის აკრძალვის შესახებ” ოლიმპიადის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება კრიტიკას არ იღებს  და აცხადებს, რომ მათ ქვეყანაში ლგბტ პირების უფლებებს არავინ  ლახავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლახან ,,ბი-ბი-სი-სთან” ინტერვიუში განაცხადა,  მას გეებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. პუტინის თქმით, რუსეთში ჰომოსექსულიზმი არ იდევნება. მათ მიმართ არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა –  „თავი დაანებონ ბავშვებს“.
„არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ოლიმპიადაზე სტუმრად აპირებენ ჩასვლას,  არავითარი საშიშროება არ ემუქრებათ, – განაცხადა პუტინმა, – არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები ჩვენ ქვეყანაში არ გრძნობენ თავს მეორეხარისხოვან ადამიანებად, იმიტომ, რომ ისინი დისკრიდიტირებულნი არ არიან.“
პუტინის განცხადების მიუხედავად, ლგბტ პირები შიშობენ, რომ რუსეთში ჩასვლისას, მათ მიმართ ადგილობრივი კანონი გავრცელდება.
რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა და მსახიობმა სტივენ ფრაიმ და სხვებმა გამოხატეს. ცნობილია, რომ სტივენ ფრაიმ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხიც დააყენა, თუმცა ამ იდეას სახელმწიფოს მეთაურები არ დაეთანხმნენ. იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა იმ ორგანიზაციის დაფინანსებას გეგმავს, რომელიც რუსეთში გეების უფლებებს დაიცავს. ,,ბი-ბი-სის” კორესპოდენტთან საუბრისას, გაერთიანებული სამეფოს სპორტისა და კულტურის მინისტრმა მარია მილერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება ნაწილობრივ  დახმარებას უწევს უფლებადამცველ ორგანიზაცია „სტონეველს“, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის პირებს მთელ მსოფლიოში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები