რან გიდორი: არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია აცხადებს, რომ “ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაციაა, ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით დაპირისპირებას, თუმცა, გვიწევს თავდაცვა

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას აფასებს.

ელჩის თქმით, ისრაელს არ სურს დაპირისპირება, თუმცა, ორგანიზაცია ჰამასის ქმედებების გამო იძულებულები არიან თავი დაიცვან.

“არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ძირითადად, საარჩევნო პროცესი ხდება ამას თან ერთვის რამადანის დღესასწაული, რა დროსაც ღაზას მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში საკვებს შეზღუდულად იღებს, რაც მათში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აგრესიას ზრდის. აგრესიის გაღვივებას ხელს უწყობს ღაზას სექტორში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი”. მათი ხელმძღვანელობით ხორციელდება თავდასხმები ებრაული დასახლებების მიმართულებებით. ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა, გვიწევს საპასუხო ზომების მიღება ჩვენი მოსახლეობის დასაცავად.

უამრავი ფაქტორია პალესტინელების მხარეს, რაც მათ აგრესიას ზრდის, თუმცა, ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშის განხორციელება სრულიად მიუღებელია. ჩვენ არ გვსურს შეტევა ღაზას მიმართულებით, ეს განპირობებულია “ჰამასის” ქმედებებიდან, არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია აცხადებს, რომ “ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაციაა, ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით დაპირისპირებას, თუმცა გვიწევს თავდაცვა”, – განაცხადა რან გიდორმა “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები