„ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს“

“გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხებათ მეწარმეებს – ამირგულაშვილის განმარტებით, მათ შეუძლიათ, ეს რესურსი სარეალიზაციოდ შეაგროვონ, რისთვისაც მოსაკრებლის გადახდა იქნება საჭირო.

„ჩვენ არამერქნული რესურსებით კომერციული სარგებლობა დავუშვით, რაც ათწლეულები პრობლემა იყო.
ჩვენ დაახლოებით 100-ზე მეტი არამერქნული პროდუქტი გვაქვს. მათი კომერციული მიზნით სარგებლობა დასაშვები ხდება. გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს. მაგრამ მათ, ვისაც კომერციალიზაცია სურს, უნდათ, მეწარმეობა ჰქონდეთ და სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდნენ, ეძლევათ საშუალება, სატყეო სამსახურებიდან, გარკვეული პირობებით 1- წლიანი სეზონური მოპოვების ნებართვა აიღონ, გადაიხადონ თუნდაც ის სიმბოლური მოსაკრებელი, რაც მომდევნო თვეებში პარლამენტში ინიცირდება. ამის შემდეგ კი დაამზადონ და მოახდინონ რეალიზაცია. მაგალითად, მოცვის, ასკილის“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

შეგახსენებთ, შესაბამის ცვლილებას ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ითვალისწინებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები