როგორ აწამებენ, ძარცვავენ და უსწორდებიან რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას

„…როგორც პირუტყვს, ისე მაწამებდნენ. არ მესმის. მე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი. მეგონა, რუსები აქ ჩვენ დასახმარებლად იყვნენ.“ „ისინი ღორებსაც გვიკლავენ. საჭმელს არ ყიდულობენ. როცა შიათ, იმ ცხოველებს კლავენ, რომელსაც ადგილობრივები უვლიან. იპარავენ პარალონის ლეიბებს, რომლებზეც ადამიანებს სძინავთ და პლასმასის სკამებსაც კი. ძალიან ბევრ ხალხს ძარცვავენ, იპარავენ ტელეფონებს, საკვებს, მოტოციკლეტებს, ფულს!“

რა ნაცნობი ისტორიებია, არა? გვახსენდება იმ რუსი ჯარისკაცების საოცრად მეტყველი ფოტოკადრები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულ სამხედრო ბაზებსა და სოფლებს ძარცვავდნენ, კოვზები და უნიტაზები მიჰქონდათ და ათასგვარი სისასტიკით ისვრიდნენ ხელებს. ახლა კი იმავეს და უარესს ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში აკეთებენ, სადაც 800-დან 2000-მდე რუსი დაქირავებული მებრძოლი სახელისუფლებო ჯართან ერთად „მშვიდობას ამყარებს“.

ეს შემაძრწუნებელი ისტორიები კი მას მერე გახდა ცნობილი, რაც გაერო-ს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა  ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება შეძლეს და რუსების მიერ ჩადენილი უამრავი ძალადობის  ფაქტი აღწერეს. გაერო-ს ექსპერტებმა სექსუალური ძალადობის ფაქტების დოკუმენტირებაც მოახერხეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშში საუბარია ჯგუფური გაუპატიურების ფაქტებზეც. „ექვსმა მამაკაცმა შეანგრია სახლის კარი და, იარაღის მუქარით, კოლექტიურად აუპატიურებდნენ 24 წლის ქალს ღამის 23 საათიდან 02 საათამდე.“

დოკუმენტ კომუნიკეში ნახსენებია სამი რუსული დაჯგუფება – კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, 2017 წელს შექმნილი, მისი შვილობილი კომპანიები Sewa Security Services და Lobaye Invest SARLU. როგორც ცნობილია, „ვაგნერი“ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ არის შექმნილი. ექსპერტები მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების იმ ფაქტებზე წერენ, რომლებიც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირდა. რუსი დაქირავებული მებრძოლეები  „სიკვდილით სჯიან ადამიანებს გამოძიებისა და სასამართლოს უფლების გარეშე, აწამებენ დაკითხვების დროს, აქრობენ ადამიანებს, მშვიდობიანი მოსახლეობა ძალით გადაჰყავთ სხვადასხვა ადგილში, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევები მიაქვთ, აწარმოებენ ჰუმანიტარულ წარმომადგენლებზე თავდასხმებს“ და სხვა მრავალი.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებსა და რუსების სისასტიკესთან დაკავშირებით ყველაზე გავლენიან ფრანგულ გამოცემა RFI-ში სტატია გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ზუსტად აღწერს იმ რეალობას, რომელიც  იქ სუფევს, სადაც რუსები „მოსახლეობას იცავენ“ – ”ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ბოროტმოქმედების მსხვერპლებმა  დუმილი დაარღვიეს”.  კორესპონდენტებმა წვდომა მიიღეს მრავალ კონფიდენციალურ დოკუმენტთან და მსხვერპლთა შესახებ მტკიცებულებები შეაგროვეს. დასახელებულია მრავალი დანაშაულის ჩადენის დროც და ადგილიც. „ისინი არ ცდილობდნენ, გაერკვიათ, ვინ იყო აჯანყებული და ვინ  – სამოქალაქო პირი. მათ ადამიანების მოკვლა სწყუროდათ“, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. და ბოლოს, ის, თუ როგორია ყველგან და ყოველთვის რუსი ჯარისკაცის სახე, ყველაზე კარგად  იმ ადამიანის მონათხრობიდან ჩანს, რომლის ოჯახის წევრი უკვალოდ გაქრა – „როდესაც გავიგეთ, რომ რუსები ჩამოდიან, თავიდან გაგვიხარდა. მაგრამ როცა ვხედავთ, დღეს რას აკეთებენ, კითხვას ვსვამთ: აჯანყებულების დასამარცხებლად ჩამოვიდნენ თუ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის?“ ამასთანავე, როგორც ირკვევა, ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც რუსების თავგასულობაზე საუბარს ბედავენ. დაფიქსირდა სიცოცხლის მოსპობით მუქარა იმ ერთეულების მიმართ, ვინც ხელისუფლებისა და მოკავშირე რუსი დაქირავებული მებრძოლების კრიტიკა დაიწყო.

 

ლევან დარსმელიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები