აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.
„მსურს განცხადება გავაკეთო გუშინ ტელეკომპანია „პირველზე”, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი”, გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დისკრედიტაციას. საუბარია გასული წლის საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, რომელსაც ყავს მსჯავრდებულები და ეს საქმე საზოგადოებისთვის, შესაბამისი უწყების მიერ, გასაჯაროვებულია.
მიუხედავად იმისა, რომ არც საქმეში არსებული დეტალები და არც სიუჟეტის რესპოდენტები,ვერ ადასტურებენ არსებულ საქმესთან პირდაპირი, ან ირიბი ფორმით ჩემს რაიმე ტიპის ჩართულობას და კავშირს, ჟურნალისტი არათუ ვარაუდის დონეზე, არამედ მტკიცებით ფორმაში მადანაშაულებს, უფრო მეტიც პირდაპირ ბრალს მდებს ქრთამის აღებაში. სიუჟეტში მოცემული მიზანმიმართული ცილისწამება, რომლის ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად ვერ იქნება და არ არის აღძრული საქმეც, არის ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ჩვენ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს ვუჩივით სასამართლოში. აგრეთვე მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ამჯერად, სიცრუის მანქანას მოუწევს არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ სასამართლოს დაუმტკიცოს სიუჟეტში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კანონით განსაზღვრული პროცედურებით, ვაგრძელებთ ინვესტორებთან კომუნიკაციას, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონში. ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, კანონის ფარგლებში, ეხლაც და მომავალშიც დავეხმარებით”,- აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.