„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტით“ გურიაში დახმარებას წელს 48,218 ფერმერი მიიღებს

  მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ არჩილ ბუკიამ „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ დეტალები გურიის რეგიონის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს გააცნეს.
გურიის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ დახმარებას წელს 48,218 ფერმერი მიიღებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, ვისაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის მიზანი, ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობაა. წელს პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს“, – განაცხადა დავით გალეგაშვილმა.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დეტალების გარდა, სამინისტროში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებიც განიხილეს.
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ბარათების დარიგების პროცესი უკვე დაიწყეს. პროექტის ბენეფიციართა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათები მუნიციპალიტეტების გამგებლებს უკვე გადაეცათ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, მარნეულის, გარდაბანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები