ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით კი – 9 ათას მოქალაქეზე მეტი
“ამ ეტაპისთვის აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად აკრეფს საჭირო სიჩქარეს.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა, რათა დავაკმაყოფილოთ ის არსებული მოთხოვნა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კვირის მანძილზე ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო მოწოდებული, ეს იყო დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი სამი ათასი. გუშინ ჩვენ გვყავდა სამი ათასზე მეტი აცრილი, ასევე, გუშინწინ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი, რომელმაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარა. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უსაფრთხოდ გაგრძელდეს. აცრილია ამ ეტაპზე 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს. ისევე, როგორც ევროპისა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენ მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. ამისათვის დამატებით მიმდინარეობს მზადება, არჩეული იქნება ოთხი მსგავსი დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.