რატომ არის მნიშვნელოვანი მოპედებით გადაადგილების დარეგულირება – საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, გელა კვაშილავას განმარტება

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, მოპედებით გადაადგილების რეგულირება აუცილებელია.

აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს კვაშილავა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოპედების რეგისტრაცია ამ სფეროს მოწესრიგებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს. ამ სფეროს დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, საქართველოში, 2019 წლის მონაცემებით, 20 000 მოპედი, სკუტერი და სხვა ასეთი ახალი სატრანსპორტო საშუალება იყო. დღეის მონაცემებით, ეს რაოდენობა უკვე გასამმაგდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ სფეროს მოწესრიგება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. პრაქტიკაა, რომ 50 კუბური სანტიმეტრი მოცულობის ძრავის მქონე მოპედების მფლობელებს გარკვეული ტრენინგი უნდა ჰქოდეთ გავლილი, ასევე, უნდა ჰქონდეთ საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ, ეს სატრანსპროტო საშუალება ატარონ. ეს პრაქტიკა მიღებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და არამარტო ევროპაში.

ახალი ტიპის მობილობა, როგორიცაა მოპედები, სკუტერები, ყოველწლიურად ვითარდება. რაც შეეხება სიჩქარის კონტროლს – ის მოპედები ან სკუტერები, რომლებიც გადაადგილდებიან 25 კმ/სთ სიჩქარის ზემოთ, ყველა ქვეყანაში რეგულირდება“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე განმარტებით, საქართველოში მოპედების მართვისთვის მძღოლებს მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

„სხვა ქვეყნებში უფრო რთული მოთხოვნებიცაა, მაგალითად, პრაქტიკული გამოცდა. ჩვენთან მარტო თეორიული გამოცდა იქნება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კანონპროექტის მიღება – იცით, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებების მოპარვის უამრავი ფაქტი ხდება, შემდეგ მათი იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მფლობელების ინტერესებშიც შედის, რომ მათი დარეგისტირება და აღრიცხვა მოხდეს. როცა რაიმე შემთხვევა ხდება, მისი შესწავლა, გამოძიება ვერ ხერხდება, რადგან სანომრე ნიშნები არცერთს არ აქვს. რეგისტრაცია ამ სფეროს მოწესრიგებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
ასევე, პრობლემაა ის, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები ქვეითთა მოძრაობის ზოლზე, ანუ ტროტუარებზე გადაადგილდებიან. ესეც უნდა მოვაგვაროთ. ხშირადაა კონფლიქტი. ისინი ისეთი სიჩქარით გადაადგილდებიან, ხშირად საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევები ხდება. ამ მიმართულებით ამ სფეროს მოწესრიგება, რეგისტრაცია, თეორიული გამოცდის ჩაბარება არ არის რთული. მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს.

იმის გამო, რომ დღეს მოპედების რეგისტრაცია, მართვის მოწმობის მოთხოვნა არ არსებობს, ეს მძღოლები უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს. მათი დაფიქსირება შეუძლებელი ხდება. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ინსტრუმენტია იმისათვისაც, რომ მათი პასუხისმგებლობა გაიზარდოს”, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

ცნობისთვის, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.

„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და, სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და, აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – განაცხადა გომელაურმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები