„ასე მელოდება ჩემი ძაღლი მზის ამოსვლისას” – ედმონდ კალანდაძის დაბადების დღე

4 მაისს ედმონდ კალანდაძეს 98 წელი შეუსრულდებოდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მის ნამუშევარს აქვეყნებს – „ასე მელოდება ჩემი ძაღლი მზის ამოსვლისას“.
ნამუშევარი შესრულებულია 2003 წელს და დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს მხატვრის გვიანდელი ნამუშევარია, კონტრასტული ფერი-განათება, ექსპრესიული მონასმები, პასტოზური ფაქტურა უცვლელია. ხელოვანისთვის ჩვეული პოეტურობა და ჰუმანიზმიც გამოკვეთილია, თუმცა გამომსახველობა ზოგადი აღქმით უფრო ლაკონურია, როგორც რელიეფის ფილა ან პლაკატი. სათაური და პირობით ფონზე გამოსახული ძაღლი – მხატვრის ინდივიდუალური და განზოგადებული სამყაროს აღმნიშვნელია.
გამძლეობა, მარადისობა, დროის მონაცვლეობა, ერთგულება და სიკეთე – ედმონდ კალანდაძე ანიმალისტური ნამუშევრით ამ ცნებების პერსონიფიცირებას ახდენს. ემოციურ-ფსიქოლოგიური სირთულე, ერთი შეხედვით, ძუნწ გამომსახველობაში გამოიხატება იმით, რომ ადამიანური საზრისი ჩადებულია თითქოს ცხოველის ფიგურაში, მზერასა და ჟღერად ფერებში. ლურჯ-იასამნისფერ ბურუსში თუ ფიქრებში დაკარგული ძაღლი ელოდება პატრონს და მიფიცხებია მზეს – კოსმიური ენერგიის პირველწყაროს. მისი ფიგურა ტილოზე დაწიწნკლულია თბილი ფერების ლაქებით“, –  აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები