ამირან გამყრელიძე: „სინოფარმი“ ე. წ. ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობის პერიოდში აცრები გაკეთებული გაქვთ
,,სინოფარმი“ ე. წ. ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობის პერიოდში აცრები გაკეთებული გაქვთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ,,სინოფარმის” ვაქცინით აცრები 45 ქვეყანაში მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში, დავიწყეთ „ასტრაზენეკათი“, შემდეგ განვითარდა „ფაიზერით“. ასევე, დღეიდან დაიწყო აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოფარმით“, რომელიც საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა. ამ ვაქცინით აცრები 45 ქვეყანაში მიმდინარეობს. ის ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, რასაც თქვენ, ყველა მიჩვეული ხართ. ბევრს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ ბავშვობის პერიოდში აცრები. ეს არის ე.წ. ინაქტირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ, ჩვენთან აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრები.
სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს „ალმამატერში“, ამ საავადმყოფოში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც აქ მუშაობს, მათთან ერთად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, მეცნიერად, ეს სივრცე ჩემთვის მნიშვნელოვანია, აქ გავატარე 25 წელი, ჩემი ექიმობის ყველაზე კარგი პერიოდი და მიხარია, რომ დღეს სწორედ პირველი აცრა აქ გავიკეთე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამირან გამყრელიძემ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.