კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, დაახლოებით, 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და დაუფირნიშებელი 36 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან 28 ერთეული მორი სახერხის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, 8 ერთეული კი – მანქანის ძარაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი დანადგარი დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.