კორონავირუსის Ახალი შტამები და მუტაციები ინდოეთში – დღეში ათასობით ადამიანი იღუპება (ფოტო+18)

ინდოეთში, “კორონავირუსული ქარიშხლის” ფონზე, საავადმყოფოებში საწოლფონდისა და ჟანგბადის დეფიციტია, პაციენტები უჟანგბადობით იღუპებიან.

ადამიანები ნათესავების განკურნებას სახლის პირობებში ცდილობენ, თუმცა, როგორც მედია წერს, ამ დღეებში შავ ბაზარზე მკვეთრად არის გაზრდილი ჟანგბადის ბალონების, წამლებისა და რესპირატორების ფასი. ასევე, მზარდია საეჭვო რეპუტაციის მქონე პრეპარატების რეალიზება.

მედიაში მრავლად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრს არ შეუძლია, შეიძინოს ძვირადღირებული ჟანგბადის ბალონი და კოვიდპაციენტები პირდაპირ საავადმყოფოების კარებთან კვდებიან.

გარდა ამისა, მზარდი ნაკადის ფონზე, კლინიკები დაავადების დროულ დიაგნოსტირებასაც ვერ ახერხებენ, კოვიდინფიცირებულის გამოვლენას ხშირად სამი დღეც კი სჭირდება, რაც, თავის მხრივ, დაავადების პროგრესულობის დროულ შეფასებას აფერხებს.

დელიში, ზოგიერთ საავადმყოფოში ექიმები აცხადებენ, რომ მათ კლინიკებში ჟანგბადის მარაგი მხოლოდ რამდენიმე საათს შეიძლება, ეყოთ, ზოგან ის უკვე დამთავრებულია.

ინდოეთი უკვე თითქმის მეორე თვეა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდ სტატისტიკას ითვლის, თუმცა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ნამდვილი კატასტროფაა.

როგორც ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სუჯით სინგხმა განაცხადა, ქვეყანაში ვირუსის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს “ბრიტანული”, “სამხრეთაფრიკული”, ასევე, “ბრაზილიური” შტამები და ორმაგი მუტაციის ვერსიები.

მისი თქმით, მაგალითად, მახარაშტრას შტატში მძვინვარებს “ბრიტანული შტამი”, რომელიც ინფიცირებულთა 50%-ში ვლინდება; დელიში როგორც “ბრიტანული”, ასევე, ორმაგი მუტაციის ვარიანტია გავრცელებული.

მისი თქმით, ქვეყანაში “სამხრეთაფრიკული შტამი”, რომელიც ვაქცინის ეფექტურობას ამცირებს, აღებული 13 ათასი ნიმუშიდან მხოლოდ 1%-ში იყო გამოვლენილი; “ბრიტანული” – 11%-ში, ხოლო ორმაგი მუტაცია – 7%-ში.

ინდოეთში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას აშშ, გერმანია,საფრანგეთი, ევროკავშირი უკვე გამოეხმაურნენ, სადაც ქვეყნისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენაზე საუბრობენ.

ევროკავშირმა სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი აამოქმედა, რომ ინდოეთისთვის კონსოლიდებული დახმარების აღმოჩენა მოხერხდეს. აღნიშნულია, რომ ინდოეთი, ძირითადად, ითხოვს ჟანგბადსა და მედიკამენტებს, როგორიც არის “რემდესივერი”.

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ირლანდიამ ჟანგბადის 700 ბალონი გამოყო, ანალოგიური მზაობა გამოთქვეს საფრანგეთმა და გერმანიამ.

თუმცა, უცნობია, რა ვადებში მოხერხდება აღჭურვილობის ინდოეთისთვის გადაცემა, მაშინ როდესაც საუბარი მიდის საათებზე ან წუთებზე.

მხოლოდ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში თითქმის 3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები