ზვიად შალამბერიძე: იმერეთიდან დაახლოებით 130 ადამიანი ემსხვერპლა ჩერნობილის მოვლენებს, სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მათ გმირობას
ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – ზვიად შალამბერიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა – იგორ დოლგოვმა, ქუთაისის მერმა – იოსებ ხახალეიშვილმა და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრებმა.
,,35 წელი გავიდა ჩერნობილის ტრაგედიიდან. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. იმერეთიდან დაახლოებით 130 ადამიანი ემსხვერპლა ჩერნობილის მოვლენებს. ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მათ გმირობას. იმ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ დღეს ჩვენ გვერდით არიან, აუცილებლად შესაბამისი თანადგომა და გვერდით დგომა სჭირდება“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსსა და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა.