კასპში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გორში პროკურატურასთან აქცია მართავენ.

ოჯახის წევრები მკვლელობაში მოკლულის ცოლს ადანაშაულებენ და მის დაკავებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ნოდარ ღუნაშვილი ცოლმა ღამით მოკლა, კვალის დასაფარად სახლი დაასუფთავა და მეზობლის დახმარებით ცხედარი სასაფლაოს ტერიტორიაზე გაიტანა, სადაც მოგვიანებით მწყემსმა იპოვა.

მოკლულის ცოლი დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში სახლში ჰყავდათ მიყვანილი, რამაც ოჯახის გაღიზიანება გამოიწვია და პროკურატურასთან მივიდნენ.

დაზარალებული მხარის ადვოკატები საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი. ოჯახი ითხოვს, რომ თუ თანამონაწილეობაზე არა, შეუტყობინებლობაზე მაინც დააკავონ და გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს.

აქციის მონაწილეებს საქმის პროკურორი ზურაბ წერეთელი შეხვდა. მისი განმარტებით, საქმეზე ერთი პირია ამ ეტაპზე დაკავებული, თუმცა გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებების მიხედვით იქნება გადაწყვეტილი მოხდება თუ არა დამატებითი პირებისთვის ბრალის წარდგენა.

ოჯახი ხვალიდან აქციებს გენერალურ პროკურატურასთან გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა კასპში 13 მარტს მოხდა. 35 წლამდე კაცი სასაფლაოზე გარდაცვლილი მწყემსმა ნახა. მას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შსს საქმეს სსკ-ის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები