სლოვაკეთი, ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს
სლოვაკეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ხეგერმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული უკავშირდება ჩეხეთთან დაკავშირებულ ვითარებას.
რუსებმა ბრატისლავა ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ ამგვარი ნაბიჯი შესაძლოა, ლიეტუვამაც გადადგას.
რაც შეეხება ჩეხეთს, ის ქვეყნიდან დამატებით კიდევ 70 რუს დიპლომატს აძევებს, მანამდე რუსეთის დიპმისიის 18 წარმომადგენლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ გახდა ცნობილი.
ასევე, პრაღა რუსეთში საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობას დიპლომატიურ მისიამდე შეამცირებს.
გასულ კვირას ჩეხეთმა რუსეთი 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებაში დაადანაშაულა. ეჭვმიტანილებს შორის დასახელებულინი არიან გრუ-ს თანამშრომლები – ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებსაც ლონდონი ეძებს სკრიპალების მოწამვლის საქმეზე.