ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის – Süddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა. გერმანული მედიის წარმომადგენლებმა 1-კვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში თბილისი, კახეთი და დაცული ტერიტორიები მოინახულეს.
საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, გერმანულ გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ფრინველებზე დაკვირვების შესახებ სტატიები დაიბეჭდება. გერმანული მედიის წარმომადგენლები გურჯაანს, ტიბაანს, სიღნაღს, დედოფლის წყაროს ესტუმრნენ. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორია დაათვალიერეს. „ყოველდღიურ გამოცემას Süddeutsche Zeitung”-ს მილიონ სამასი ათასამდე მკითხველი ჰყავს და განსაკუთრებით პოპულარულია 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.
„ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ Süddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტები, მათ მოინახულეს საქართველოს დაცული ტერიტორიები.
საერთაშორისო ჟურნალისტებმა მოამზადეს მასალა სათავგადასავლო და ეკოტურიზმის მიმართულებით, რომლის პოზიციონირებაც გერმანულ ტურისტულ ბაზარზე მოხდება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას გერმანულ ტურისტულ ბაზარზე”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.
„საქართველოში მეოთხედ ვარ და უკვე დავაგროვე თქვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის გამოცდილება. ამჯერად ფრინველებს ვიკვლევთ ვაშლოვანში, ჭაჭუნაში. ეს ეროვნული პარკები განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა და მე მოვამზადებ სტატიებს ჩვენი გამოცემისთვის. ძალიან მომწონს საქართველოს ამ ნაწილის ბიომრავალფეროვნება, მთები, მდელოები, კანიონები. ჩვენ უამრავი სახეობის ფრინველი ვიხილეთ.
გერმანიასა და საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი ფრინველია, მაგრამ გერმანიაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ტოროლები თითქმის გაქრნენ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართვლოში ფრინაველთა ეს სახეობა შენარჩუნებულია”, -ამბობს Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტი, ჰანს გასერი.