გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ მხოლოდ ამნისტიაა მელიას გათავისუფლების გზა და სხვა გზა აღარ არსებობს
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
ვაშაძემ თანადგომა გამოუცხადა მაკო გომურსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა.
“ის სპეკულაციები, რომ ეს მომავალში ვიღაცაზე გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონპროექტი, ყველაზე გვიან, სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” დაადასტურებს, რომ ხელს მოაწერს ამ ინიციატივას. როგორც კი სამშაბათს მოხდება ამ პროცესის რეალიზება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს სამშაბათს. ამის შემდგომ, შესაძლებლად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლების და სხვა გზა, დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს.
აქვე მინდა, გულწრფელად, სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მივიყვანთ ბოლომდე. შევეცდებით, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.