სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებითა და მისი გადამუშავებით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შერბილების საკითხის ხელშეწყობა.
ონლაინ შეხვედრას, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩი – ჰელენ სანდ ანდერსენი და საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში, ლუდვიგ სტრეფი ესწრებოდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.