ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ, ფაქტობრივად, დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი
“პოლიტიკურმა პარტიებმა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს, თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
„გუშინდელმა დღემ, ფაქტობრივად, დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან (სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს ვერ ჩაჯდებიან!), უნდა აღინიშნოს, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. ეს ყველაფერი კი საკმაოდ სერიოზულად იქნა აღქმული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მიერ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუ, რა თქმა უნდა, უნდა – „პროდასავლური იმიჯი“ შეინარჩუნოს, თუ არა, მარგინალური კლასტერისა და პრორუსული იმიჯი გარანტირებული აქვს ამჯერად და საბოლოოდ უკვე ევროპასა და ამერიკაშიც.
p.s. არ დამიწყოთ ახლა, თავში ქვა უხლიათ „ნაცებსო“, თავში ქვა ნახალი აქვთ უკვე, მე ჩემს მოკრძალებულ ანალიზს ვაკეთებ, თუ რა ხდება და რა შეიძლება, მოხდეს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.