ლევან ბეჟაშვილი: საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია

პოლიტსაბჭოზე საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები იყო, რადგან აზრთასხვადასხვაობა არსებობს. გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, განცაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტი ინტერპრეტაციების საშუალებას ტოვებს.

“პოლიტსაბჭოზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთასხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს. თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთასხვადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები