“შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ფორმულა მარტივია: ყველაფერს გადაწყვეტს ხალხი” – არჩილ კაიკაციშვილი

“საზოგადოება ელოდება პოლიტიკურ კონსენსუსს და საპარლამენტო ცხოვრების დაწყებას მრავალპარტიული პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობით, იმის მიუხედავად, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდნენ თუ არა იმავე მხარდაჭერას თითოეული მათგანი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განახლებული შეთანხმების დოკუმენტი გარდამტეხი მნიშვნელობის აქტია, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას და მთლიანობაში, მისი ფორმულა ძალიან კონკრეტულია: ყველაფერს გადაწყვეტს ხალხი”, – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტი წარმოადგენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობას, თუმცა ამ პროცესის ცენტრალური მოთამაშე არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ – საქართველოს ამომრჩეველი. პირობა – თუკი მმართველი პოლიტიკური პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროცესის პასუხისმგებლობას მთლიანად გადასცემს საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, პარტიების რეიტინგი, ფინანსური შესაძლებლობები, რეალური პროგრამები და პოლიტიკოსების სანდოობა გადაწყვეტს, იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი არ უარყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას, ახალი პირობების გაჩენა უნდა შეაფსდეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საუკეთესო შეფასებით (პანდემია, ეკონომიკური სირთულეები, კავკასიაში პოლიტიკური ძალთა თანაფარდობა, რუსული ოკუპაცია და მოვლენები უკრაინაში).
ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მომავალი პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის ცვლილებები არ ემსახურება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და დოკუმენტის სულისკვეთება შეეხება მმართველობის სისტემის გაძლიერებას და დაახლოებას საჯარო ინტერესების განხორციელებასთან. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პოლიტიკური ცვლილებების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია დამოკიდებულებები მართლმსაჯულების ფუნქციონირებასთან. შარლ მიშელის დოკუმენტში მოსალოდნელ ცვლილებებს უკვე ეწოდა „ამბიციური სასამართლო რეფორმა“, რაც, მათ შორის გულისხმობს მოსამართლეების დანიშვნის დროს გამჭვირვალობის გაზრდას, შერჩევას მათი დამსახურებების მიხედვით, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის პრინიცპებს, რაც უნდა ეფუძნებოდეს წერილობით დასაბუთებას. ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ვინაიდან არსებითად საჭიროა არამხოლოდ პარტიების და მათი წარმოამდგენლების დისკუსია, არამედ მართლმსაჯულების განმახორციელებელი თანასწორუფლებიანი მხარის – საქართველოს ადვოკატთა კორპუსის აქტიური ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი არ აჩენს დათქმებს მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტაზე და სრულად აქცენტი გადატანილია სასამართლო სისტემაში დასანიშნი ახალი წევრების მიმართულებით.

ამ კუთხით, არსებობს გამოწვევები, ვინაიდან სასამართლო სისტემა ისევ აღმოჩნდება პოლიტიკური ბრალდებების სამიზნე და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა, არ იქნება საყოველთაო და სანდოობით გამორჩეული. მით უფრო, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თვლის, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე, სამართალწარმოების და კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, უნდა მოხდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ჭეშმარიტად ეფუძნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა და სრულფასოვანი პროცესის აღდგენის საჭიროებებს, სასამართლოს ნაწილში ჩარევის დაშვებებით, ნამდვილად აჩენს არასახარბიელო პრეცედენტს, რაც ყოველთვის შეიძლება გახდეს არასასურველი მაგალითი. არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, რომ სასამართლო რეფორმაზე დისკუსიის დროს, წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასების კონტექსტში, ნამდვილად საინტერესოა იმ პოლიტიკური პარტიების შეხედულებები, რომლებმაც 2020 წლის 13 მარტს ხელი მოაწერეს მემორანდუმს და განსაზღვრეს, თუ როგორი სასამართლოს სისტემა სურდათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პარტიები მაშინ ამბობდნენ, რომ სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებდნენ შემდეგ რეფორმებს 1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს, 2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას. სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე, 3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება. საკონსტიტუციო ცვლილების გზით – 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება, 4. უზენაესს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ და 5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, წარმოდგენილი წინადადებები, რომელიც იმთავითვე მოუმზადებელი, გაუაზრებელი და სასამართლოს ფუნქციონირებასთან შეუსაბამო დებულებებს შეიცავდა, საინტერესოა, პოლიტიკური პარტიებისთვის კვლავ აქტუალური თემაა თუ დარჩა, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებულ განცხადებად.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს პოლიტიკური პარტიების საქმიანი შეხედულებები სასამართლო რეფორმის მიმართ, ვინაიდან მხარდაჭერა მოიპოვოს მხოლოდ სწორმა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილმა შეხედულებებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები