ცხინვალი სისხლისსამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება მათ, ვინც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეპიდვითარების ფონზე გადავა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმება თბილისის მხრიდან უხეში პროვოკაციაა.
მათი თქმით, “საქართველოს მთავრობამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რესპუბლიკის დატოვება წინაღობების გარეშე შესთავაზა, ასევე, მათთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი გააუქმა”.
”მიგვაჩნია, რომ, საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, რომელიც კორონავირუსის მესამე ტალღას უკავშირდება, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ამ” პრივილეგიებით ”მოზიდვა არის უხეში პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას”, – აღნიშნა კომიტეტმა.
ე.წ. უწყება მოუწოდებს “რესპუბლიკის მოქალაქეებს, უკანონო ქმედებების ჩადენამდე, დაფიქრდნენ შესაძლო შედეგებზე, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე, ახლობლების ჯანმრთელობაზე, რომლებსაც სერიოზული ეპიდემიოლოგიური საფრთხე დაემუქრებათ”.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები დღეიდან არის შეცვლილი.
კერძოდ, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ისინი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან, ასევე, ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.