დიმიტრი ხუნდაძე: მედიატორების მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი ყველას იმიჯს აზარალებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ

“მედიატორების მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი ყველას იმიჯს აზარალებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ და ყველაზე სახიფათო არის ის, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომი განვითარების არასტაბილურ პროცესს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, შემოთავაზებული შეთანხმების ბოლო ვერსია შეუთანხმებლობისა და მუდმივი დაძაბულობის მყარ გარანტიას იძლევა, ქვეყანას კი სავაჭროდ და სათამაშოდ არ სცალია.

„შარლ მიშელის მიერ შექმნილ დოკუმენტს რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი. უფრო მეტიც, დამატებითი კომპრომისი გაიღო, რაც ეფუძნებოდა საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს, პარლამენტში უმრავლესობისთვის 40-პროცენტიანი ქვედა ჩამკეტის გათვალისწინებით. რას ემყარება შემოთავაზებული 43 პროცენტი, აბსოლუტურად გაუგებარია.

ამავე დროს, ვის აქვს გარანტია, რომ ახალი არჩევნებით დამდგარი, ახალი შედეგი ყველასთვის მოსაწონი იქნება. მით უმეტეს, იმ ახალი რეალობით, როდესაც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებას ამ მიდგომამ ფასი დაუკარგა. ფასი დაუკარგა აგრეთვე ამომრჩევლის საარჩევნო გადაწყვეტილებას, რომელმაც დამატებით კიდევ დააფიქსირა, რომ მათი 60 პროცენტი ეწინააღმდეგება ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლას.

რურუასთან დაკავშირებით შეწყალება კიდევ უფრო გაუგებარს ხდის მსგავს ჩანაწერს, ვინაიდან შეწყალების კომპეტენცია იმ დოკუმენტის არცერთ პოტენციურ ხელმომწერს არ გააჩნია. შემოთავაზებული შეთანხმების ბოლო ვერსია შეუთანხმებლობისა და მუდმივი დაძაბულობის მყარ გარანტიას იძლევა, ქვეყანას კი სავაჭროდ და სათამაშოდ არ სცალია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები