გიორგი ვაშაძე: ის შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა გუშინ, უნდა გამოვიყენოთ
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტის მხარდაჭერის მომხრეა.
ვაშაძის თქმით, დოკუმენტში ყველა ფუნდამენტია შექმნილი, რომელმაც შეიძლება, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან იხსნას.
“ვწუხვარ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა დასავლეთს და დემონსტრაციულად არ მოვიდნენ ამ მოლაპარაკებებზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამით მათ რეალურად აჩვენეს საკუთარი სახე მთელს დასავლეთს. მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია რადიკალურად მიუდგებოდა ამ დოკუმენტს და უარს იტყოდა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაზეც შემდეგ იტყოდნენ, რომ ოპოზიცია არაფერს არ თანხმდება და ა.შ.
ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელს” მიგვაჩნია, რომ ის შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა გუშინ, უნდა გამოვიყენოთ. მე აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება, ამ დოკუმენტის ყველა კომპონენტი არ მოგვწონდეს, მაგრამ ამ დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი, რომელმაც შეიძლება, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან იხსნას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.