“2004 წლიდან საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად იბრძოდა” – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შვილი
“მამაჩემი ძალიან გამოცდილი ჯარისკაცი იყო”, – ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით შარტავას შვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ქართველი ჯარისკაცი 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად იბრძოდა.
“გუშინ დაიღუპა, დაახლოებით, საღამოსკენ, შეტაკებებისას. სანგრებში იყო და ყუმბარმტყორცნი ჩაუგდეს. მამაჩემი ძალიან გამოცდილი ჯარისკაცია. 2004 წლიდან მოყოლებული ის იბრძოდა, 2004-ში ცხინვალში იყო, კომანდოსი იყო და, როცა ამერიკელებმა საქართველოში პირველად ჩაატარეს წვრთნები, სწორედ ეს წვრთნები გაიარა მან. 2004-ში შევიდა ცხინვალში. მას არანაირი დაფასება არ ჰქონია, არცერთი ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, 2016-ში წასულიყო უკრაინაში, გაეგრძელებინა თავისი საქმე, მტრების წინააღმდეგ ბრძოლა და ამით თავისი წვლილი შეეტანა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. მან გამოიარა 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, მაშინ ბავშვი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ილექებოდა მის გონებაში. რუსეთის ფედერაციის მიმართ, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი განცდები ჰქონდა”, – აცხადებს შარტავა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლი, 44 წლის დავით შარტავა დაიღუპა.