არჩილ თალაკვაძე: გამოვხატავთ მზადყოფნას, თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი
გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 40%-იანი პრინციპი ნიშნავს იმას, რომ თუ მმართველი პარტია არჩევნებში 40 პროცენტს ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში განხილული იქნება არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები.
,,ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს მისცემს საშუალებას კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და თუ მათ მართლა სურთ პარლამენტში შესვლა, ასეც მოიქცნენ. „ქართულ ოცნება“ გამოხატავს მზადყოფნას, რომ უპრობლემოდ ჩააბაროს ეს ტესტი თვითმმართველობის არჩევნებში. 40 პროცენტი არის საკმარისი ლეგიტიმაცია, რათა მმართველობის პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.