არჩილ თალაკვაძე: დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროს აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

„დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული. გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით. დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ და ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება 31 მარტს შესთავაზა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები