“თუ რუსეთი განაგრძობს ჩარევას ჩვენი დემოკრატიის საქმეებში, მზად ვარ, ახალი საპასუხო ნაბიჯები გადავდგა” – ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია მოსახლეობისადმი მიმართვისას განმარტა და ვაშინგტონ – მოსკოვის ურთიერთობების პერსპექტივები შეაფასა.

ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა პუტინთან გამართულ ბოლოდროინდელ სატელეფონო საუბარზე და თქვა, რომ საუბარი ღია იყო და პატივისცემაზე დამყარებული.

“ჩვენ წარმოვადგენთ ორ დიდ სახელმწიფოს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება გლობალურ სტაბილურობაზე. მე და პრეზიდენტ პუტინს – ჩვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმაში, რომ ეს ურთიერთობა სამუშაო მდგომარეობაში შევინარჩუნოთ”, – განმარტა ამერიკელმა ლიდერმა.

პოლიტიკოსმა რუსები და ამერიკელები “ამაყ და პატრიოტ ერებად” შეაფასა, რომლებიც “დაინტერესებულნი არიან მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლით”.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები “აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო” დააწესა, და დასძინა, რომ ”შემეძლო, უფრო შორს წავსულიყავი ქმედებაში”, თუმცა, ”მოქმედების სხვა გზა ავირჩიე”.

“შეერთებულ შტატებს არ სურს რუსეთთან ესკალაციისა და კონფლიქტის კიდევ ერთი ციკლის დაწყება. ჩვენ გვსურს სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობები. მაგრამ თუ რუსეთი განაგრძობს ჩარევას ჩვენი დემოკრატიის საქმეებში, მზად ვარ, ახალი საპასუხო ნაბიჯები გადავდგა”, – თქვა აშშ-ის პირველმა პირმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან პირადი ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

“ამ მხრივ, მე შევთავაზე, მას პირადად შეხვდეთ ამ ზაფხულს სადღაც ევროპაში. სამიტზე გვექნება ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ჩვენი გუნდები ახლა განიხილავენ ამ შესაძლებლობას. ამ სამიტის შედეგად, იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი შეძლებენ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყებას”, – თქვა ბაიდენმა

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ ბევრ გლობალურ საკითხზე, განსაკუთრებით – იარაღის კონტროლსა და უსაფრთხოებაზე.

“ჩვენ შევთანხმდით ვლადიმერ პუტინთან, რომ ერთად შეგვიძლია, გავუმკლავდეთ კრიტიკულ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მოითხოვს შეერთებულ შტატებისა და რუსეთის ერთობლივ მუშაობას. ეს გამოწვევები არის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე, პანდემიების დასრულება, კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა”, – თქვა ამერიკის ლიდერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპაში, ასევე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

”ამ მხრივ, მე გამოვთქვი შეშფოთება უკრაინის საზღვარზე და ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების ზრდის თაობაზე,” – თქვა მან.

მან მოუწოდა რუსეთს, უარი თქვას ”ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე”, გადავიდეს ”დეესკალაციაზე”, აგრეთვე, ”გააზრებული დიალოგისა და დიპლომატიური პროცესის”რეჟიმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები