“თალიბანი” აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს
რადიკალურ მოძრაობა “თალიბან”-ში აცხადებენ, რომ ავღანეთიდან 11 სექტემბრისთვის ჯარის გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დოჰაში მიღებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება, ამიტომ, აშშ-მა პირობა 1-ელი მაისისთვის უნდა შეასრულოს.
მოძრაობის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ციტირებს, ნათქვამია – “გამომდინარე იქედან, რომ ჯარის გაყვანა რამდენიმე თვით ჭიანურდება და სექტემბერში დასრულდება, გვსურს, შემდეგი განვაცხადოთ: ეს გადაწყვეტილება მიღწეული შეთანხმების დარღვევაა, რომელიც დოჰაში იქნა მიღწეული, ასევე, აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა”.
“თალიბანი” დაჟინებით მოუწოდებს აშშ-სა “და დანარჩენ ქვეყნებს, შეწყვიტონ ომის გახანგრძლივების გამართლება და ავღანეთიდან საკუთარი ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანონ”.
“ახლა, როდესაც ამერიკა არღვევს შეთანხმებას, ეს ხელს აძლევს მოჯაჰედებს, ყველა საჭირო კონტრზომა მიიღონ. ამიტომ, შემდგომაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ამერიკულ მხარეს დაეკისრება”, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ქვეყნის ჯარების გაყვანა 11 სექტემბრისთვის მოხდება, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ტერაქტების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით.
ავღანეთიდან ჯარის გაყვანაზე კომენტარი ნატო-შიც გაკეთდა – ის პირველ მაისს დაიწყება.
თუმცა, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 1 -ელ მაისამდე უნდა დასრულებულიყო. შესაბამისი შეთანხმება 2020 წლის თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და “თალიბანს” შორის იქნა მიღწეული. დაჯგუფება კი, საპასუხოდ, ჰპირდებოდა თეთრ სახლს, რომ ავღანეთი აღარ იქნებოდა ტერორისტებისთვის დაბანაკების ადგილი. მოლაპარაკების პროცესი 1,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.