პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, ქ. რუსთავში, გ.დ.-მ, რომელიც „ფორდ მუსტანგ“-ის მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და ქვეით ე.ბ. -ს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გ.დ.-მ მას დახმარება არ აღმოუჩინა და ავტომობილით მოძრაობა განაგრძო.
მათივე ცნობით, ე.ბ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.დ 2020 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.