პარლამენტში, ბავშვთა სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

“იმის გამო, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე”, – ამის შესახებ პარლამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა. 2015 წელს 3%-იც კი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება 700 მილიონ ლარს შეადგენდა, ბავშვთა სიღარიბე მაინც პრობლემად რჩება და მოსალოდნელი პროგნოზებიც არასახარბიელოა. ამ რისკებს გადაზღვევა და დამატებითი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება. ამ მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გასულ კვირას კომიტეტის თავმჯდომარის – ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის ბ-ნ ღასან ხალილის შეხვედრა შედგა. მხარეებმა დაგეგმეს უმოკლეს დროში კონკრეტული პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენა.
ხვალ, 16 აპრილს, 10 საათზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა. საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის კომიტეტისა და შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები