რუსეთის საგარეო ვალი, დიპლომატების გაძევება – უცხოური მედია ვაშინგტონის შემზღუდავ სავარაუდო ზომებს ასახელებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს “არაკანონზომიერი ქმედებების საპასუხოდ”, ასევე, ჰაკერული თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, საჯარიმო ზომების შესახებ უკვე დღეს გახდება ცნობილი.

The New York Times-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები შესაძლოა, შეეხოს რუსეთის საგარეო ვალსაც.

“როგორც ჩანს, სანქციები იმაზე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე – ადრინდელი, რადგან ისინი შესაძლოა, ქვეყნის სუვერენულ ვალსაც შეეხოს”, – წერს გამოცემა.

The New York Times-ის ინფორმაციით, თებერვალში ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ამბობდა, რომ “ეს უბრალო სანქციები არ იქნება”, ისინი “ხილული და უხილავი ინსტრუმენტების ნაზავი იქნება”.

Bloomberg-ის მონაცემით, შემზღუდავი ზომები შესაძლოა, შეეხოს რუსეთის 10-მდე წარმომადგენელსა და 20 იურიდიულ პირს. არ არის გამორიცხული, რომ თეთრმა სახლმა ქვეყნიდან 10-მდე წარმომადგენელი გააძევოს, მათ შორის, დიპლომატები.

ამასთანავე, Politico იტყობინება, რომ სანქციათა სიაში “ჩრდილოეთ ნაკადი-2″არ მოხვდება – მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა მას “ევროპისთვის ცუდი გარიგება” უწოდა. მაგრამ ბაიდენს სურს ბერლინთან ურთიერთობის განმტკიცება, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ლობირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები