ნატო ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანას 1-ელი მაისიდან დაიწყებს

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთიდან “მტკიცე მხარდაჭერის” ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების გაყვანის პროცესს 1-ელი მაისიდან დაიწყებს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და იქნება კოორდინებული”, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ჯარის გაყვანა ნიშნავს ნატო-სა და ავღანეთის ურთიერთობის ახალ ფურცელს და არა – ამ ურთიერთობის დასრულებას.

“ალიანსის მოკავშირეები და მათი პარტნიორები ავღანეთის, მისი ხალხისა და სტრუქტურის მხარდაჭერას აგრძელებენ, რომელიც უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს, რაც უკანასკნელი 20 წლის განმვალობაში იქნა მიღწეული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 11 სექტემბრისთვის მოხდება, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ტერაქტების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით.

“თალიბანმა” კი განაცხადა, რომ ავღანეთთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო კონფერენციას ბოიკოტს უცხადებს, სანამ ამერიკული ჯარი არ იქნება გაყვანილი.

საქმე ისაა, რომ ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 1 -ელ მაისამდე უნდა დასრულებულიყო. შესაბამისი შეთანხმება 2020 წლის თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და “თალიბანს” შორის იქნა მიღწეული. დაჯგუფება კი, საპასუხოდ , ჰპირდებოდა თეთრ სახლს, რომ ავღანეთი აღარ იქნებოდა ტერორისტებისთვის დაბანაკების ადგილი. მოლაპარაკების პროცესი 1,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნატო-ში გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც”.

“საქართველოს მრავალი წელია, ღირსეული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში. საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ჩვენი ქვეყანა RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 860 ქართველი სამხედრო დღესაც მსახურობს ავღანეთში ნატო-ს კონტიგენტის შემადგენლობაში. ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ საქართველოს შეუძლია, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. ეს არსებითია ჩვენი სტრატეგიული მიზნის – ნატო-ს სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად.

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება.
საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში.

დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, ვინც სხვადასხვა პერიოდში ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ სამხედროებს, იმ ქართველ გმირებს, ვინც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი : მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები