გიორგი ღიბრაძე: საკოორდინაციო საბჭო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციაა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში სახეზეა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია, ეს ხდება როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე – საქართველოში. გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებას დეტალური ანალიზის საფუძველზე ახორციელებს.

საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. ამასთან, როგორც ცნობილია, აკრძალულია ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობა. პრემიერმინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს”, – აცხადებს ღიბრაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები