“სტუდფესტის” ფარგლებში, გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა
მასშტაბური სტუდენტური პროექტის – “სტუდფესტის” ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა – კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
თბილისის მერიის ცნობით, სპორტული აქტივობა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.
„სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში დღეს სპორტული ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი გაიმართა – მარათონი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე, რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი. მივესალმები სტუდენტურ ფესტივალს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ღონისძიება სისტემატურად ტარდება და მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან კარგია. ასევე მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას. ყველას მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
“გარბენში სპორტსმენები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარათონის ბოლოს გამოვლინდნენ სპორტული აქტივობის გამორჩეული მონაწილეებიც, რომელთაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. პროექტი ქალაქში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.
სტუდენტური ფესტივალი, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით ხორციელდება და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი.
ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით.
წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის საზეიმო დახურვაზე”, – წერია ინფორმაციაში.
