გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელსა და სასოფლო კოოპერატივების ექსპერტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირისა და სასოფლო კოოპერატივების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ ქვეყნების გამოცდილება გააზიარეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეფორმაზე, ქვეყანაში კოოპერატივების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და ექსტენციის რეგიონული სამსახურების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მიზანია, სოფლის განვითარების სააგენტო ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდავქმნათ. სააგენტო, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმართულების გარდა, გარემოს დაცვის მიმართულებებსაც მოიცავს, რომელთა შორისაა სატყეო და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება კოოპერატივების გაძლიერება, ისინი უფრო მეტად მდგრადი უნდა გავხადოთ”,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
იაპონურმა მხარემ სურვილი გამოთქვა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ტექნიკური დახმარების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება დარგობრივი ტრენინგების ჩატარება და იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ორწლიანი პროექტის განხორციელების საკითხს, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლას და რომლის დასრულების შემდეგაც რეკომენდაციები მომზადდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები