„გვარამიას კანტორაში სააკაშვილისა და რევანშისტული ძალების ბალასტად გადაქცეული ე.წ. ოპოზიციონერები ვიხელეთ“ – რატომ დაუპირისპირდა შაქარიშვილი ბესელიასა და ფოფხაძეს
“გვარამიას კანტორაში 9 აპრილს გამართული აქციის მონაწილეების შეურაცხყოფა ხდებოდა”, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, 9 აპრილს გამართული „მდუმარე აქციის,, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შაქარიშვილმა განმარტა, რატომ დაუპირისპირდა პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერ ეკა ბესელიასა და ყოფილ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს.
„ეს გამოიწვია მათმა დღევანდელმა პოზიციამ. მათი მხრიდან გვარამიას კანტორაში 9 აპრილის აქციის შემდეგ ათი ათასობით ადამიანის შეურაცხყოფა ხდებოდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩამოთვალეთ. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი სამართლიანი რეაქცია.
გვარამიას კანტორაში ვიხილეთ სააკაშვილისა და რევანშისტული ძალების ბალასტად გადაქცეული ე.წ. ოპოზიციონერები. ოპოზიციურ ერთობაში ისინი არც ელექტორალური რესურსით, არც რაიმე კაპიტალით არ მონაწილეობენ. მათ საკუთარმა დამკვეთებმა, საკაშვილმა და გვარამიამ პირდაპირ მოსთხოვეს, გამოსულიყვნენ და ჩვენზე მოეტანათ იერიში, დაპირისპირებოდნენ იმ ათი ათასობით ადამიანს, ვინც აქციაზე იყო. აქციის მონაწილეების მიმართ მოდიოდა უდიდესი შეურაცხყოფა, უსაფუძვლო ბრალდებები, თითქოს, ეს იყო ხელისუფლების მიერ მართული და ა.შ. შესაბამისად, ამაზე მიიღეს აბსოლუტურად ადეკვატური, სამართლიანი პასუხი“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მანვე ტელეკომპანიებს – „მთავარს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ ,,პარტიული სამსახურები,, უწოდა. შაქარიშვილი აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ამ ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ, აგრესიის ფაქტებს გამოეხმაურა.
„ათი ათასობით ადამიანში შეიძლება, გამოერიოს რამდენიმე ადამიანი, რომლის გამოხატვის ფორმაც, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია, ჩემთვის შესაძლოა, მისაღები არ იყოს.
ათი ათასობით ადამიანი რომ რაღაც პოზიციას გამოხატავს, ამ პოზიციის ადრესატებმა საკუთარ საქმიანობას უნდა გადახედონ, რას და ვის ემსახურებიან. ყველანაირ აგრესიას ვემიჯნებით. აგრესია არის ის, რაც ამ მედიასაშუალებებიდან მოედინება: შეურაცხყოფა, ტყუილი, ცილისწამება, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა. ყველასთვის ცნობილია, რომ რასაც დასთესენ, იმას იმკიან. გადახედონ საკუთარ სამქინაობას, აღარ გაუჩნდებათ ეს კითხვები.
მათ მედიასაშუალებებს არც ვუწოდებ, ესენი პარტიული სამსახურებია. მათ თავისუფალ სიტყვასთან, კრიტიკულ აზრთან არანაირი საერთო არ აქვთ. ისინი არიან ცილისწამების, ტყუილების გამავრცელებელი ორგანიზაციები, რომელთა ამოცანა ამ ქვეყანში ნებისმიერ ფასად სააკაშვილის რევანშის გზით დაბრუნებაა. ისინი მიზანმიმართულად უტევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკლესიას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, ბესელიასა და ფოფხაძესთან დაკავშირებით შაქარიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
„აჰა, რევანშისტული ძალების “ბალასტს” – გედი ფოფხაძეს, კუკავას, ბესელიასა და ა.შ. როლიც მიანიჭეს… ახლა წახვალთ და უცნობს დაარტამთ, თქვენივე წარსულზე იტყვით უარს და უკადრებელს იკადრებთო… აბა, ელექტორალური რესურსი თქვენ არ გაქვთ, ფინანსები თქვენ არ გაქვთ და მხოლოდ ტვირთად გვკიდიხართო..“, – წერს შაქარიშვილი.
საკრებულოს დეპუტატს ეკა ბესელიამ უპასუხა.
„ბევრი ადამიანის დაცემა და საკუთარი თავის გადაბიჯება მინახავს, უკადრებელს რომ კადრულობენ, მაგრამ ამ პატარა ბიჭის, შაქარიშვილის ამ მდაბიო სტატუსმა გამაოგნა!
მისგან მართლა არ ველოდი ( პირადი ურთიერთობის გამოც ) და, როგორც ჩანს, 30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება !
რადგან საჯაროდ გაბედა და დააწერინეს ეს უმსავსობა და უსინდისობა, საჯაროდ ვრეაგირებ:
მარაზმის დასრულებას სხვის ხელში იარაღად ქცეული შაქარიშვილი ვიდრე შეძლებს, თავად მარაზმში მყოფმა უნდა დააღწიოს თავი.
ისიც ვერ გაიაზრა – თავად სად, რა როლშია, ვინ რას ვალებს და ამიტომაც ჰგონია ვინმეს შეუძლია, რამე დამავალოს და მათქმევინოს.
ეს პატარა, უკვე დასრულებული ახალგაზრდა კაცი – რომ მეგონა, უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებდა, მართლა წარსულის ბალასტის მთავარ როლში მოაქციეს და ტრაგიკომიკურ სცენარში კომფორმიზმში ჩაძირეს!
რასაკვირველია, „ტვ იმედშიც“ მიიწვევენ და ხელისუფლება რაღაცას გადაუგდებს ამის სანაცვლოდ, რაც იკადრა …
ახლა უფრო გასაგებია ჩემთვის, ჩემი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ რა როლი დააკისრეს მასაც და სხვასაც, ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა იმ დღეებში …..
წარსულზე მე უარს ვერავინ მათქმევინებს, მაგრამ აი ასეთი პატარა უღირსი ბიჭის წარსულიც, ამწყოც და მომავალიც 30 ვერცხლის ფასია მხოლოდ“, – დაწერა ბესელიამ „ფეისბუქში“.