Johnson & Johnson-ის პრეპარატს გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა – აშშ-ში ვაქცინაციის ორი ცენტრი დროებით დახურეს

აშშ-ში ვაქცინაციის ორი ცენტრი დროებით მას შემდეგ დახურეს, რაც ათობით ადამიანმა Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ უსიამოვნო შედეგები დააფიქსირა.

Wall Street Journal-ი წერს, რომ, მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გვერდითი ეფექტი 18 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან ოთხი გაგზავნილია ადგილობრივ საავადმყოფოში გამოკვლევისთვის. ცენტრის ფუნქციონირების შეჩერებამდე ვაქცინა 2,3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ოლქის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს, კომპანიასთან კონსულტაციის შემდეგ. Johnson & Johnson-ში აცხადებენ, რომ ყურადღებით სწავლობენ ყველა შემთხვევას.

კიდევ ერთი ცენტრი დახურეს კოლორადოს შტატში. აქ გვერდითი ეფექტი 11 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან ორი საავადმყოფოში მიიყვანეს.

Johnson & Johnson-ის პრეპარატზე გვერდით რეაქციებში სახელდება ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა.

შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის გამოიყენება Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინა.

Pfizer-ით აცრა ნებადართულია 16 წელს ზემოთ პირებისთვის, დანარჩენი ვაქცინები გამოიყენება 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის.

ბოლო მონაცემით, აშშ-ში 66 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, 112 მილიონამდე კი – პირველი.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთჯერადი შეყვანის არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები