კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ
დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. მათ მაყურებლების მიღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით შეეძლებათ.
ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები.
“როგორც მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან ნებადართული იყო კინოჩვენება, კინოთეატრები კი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც არის ზოგადი ხასიათის პრევენციული და ის უზრუნველყოფს იმ რეკომენდაციების დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. თერმოსკრინინგი, ისევე როგორც სადეზინფექციო სამუშაოები და პირბადის გამოყენება, არის სავალდებულო ასეთი ტიპის ობიექტებში და, დადგენილი წესით, ისინი განაახლებენ უსაფრთხოდ ფუნქციონირებას. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, შრომის ინსპექცია განაგრძნობს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.