სად მოხდა რუსეთის ჯაშუშების  ფიასკო და რა საიდუმლოს ხელში ჩაგდება სურდა  ГРУ-ს

ბულგარეთში უმსხვილესი ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასეთი მასშტაბური ჯაშუშური ქსელის გამოვლენა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ირკვევა, რომ ჯაშუშების ჯგუფი მუშაობდა როგორც უშუალოდ საკუთარი სახელმწიფოს, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის  წინააღმდეგაც. ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს აგენტურული ქსელი რუსეთის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ГРУ-ს მიერ იმართებოდა და ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობდა. ჯგუფის ექვსივე წევრი დააკავეს და პატიმრობაში მოათავსეს. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარებით ჩვენება მისცა და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო.

ჯერ კიდევ 2020 წლიდან ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 6 პირისგან შემდგარ ამ ჯგუფს მუდმივ თვალყურს ადევნებდა. ბულგარელმა სამართალდამცველებმა უზარმაზარი შრომა გასწიეს ამ ქსელის წევრების იდენტიფიკაციისა და დაკავებისთვის.

ვინ შედიოდა ჯგუფში და რა საიდუმლოებას იპარავდნენ რუსული სპეცსამსახურის აგენტები

მედიაში უკვე გავრცელდა ჯაშუშური ქსელის წევრებისა და შემქმნელის ვინაობები. ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ივან ივლიევი, ბულგარეთის სამხედრო ინფორმაციის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი.  მისი მეუღლე, რუსეთისა და ბულგარეთის მოქალაქე მეკავშირეს როლს ასრულებდა და ის  რუსეთის საელჩოში სხვადასხვა საბაბით ხშირად დადიოდა. 2016 წლამდე ივან ივლიევი ბულგარეთის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. ის საბჭოთა დაზვერვის სკოლის კურსდამთავრებულია. ივლიევი ბულგარეთის საზოგადოებაში პატივსაცემ პირად ითვლებოდა, თუმცა, სულ ტყუილად, რადგან აღმოჩნდა, რომ სწორედ მან შექმნა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მომუშავე ჯაშუშური ქსელი. ის იმ ჩინოვნიკების გადაბირებას ახდენდა, რომლებსაც სახელმწიფოს საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდათ წვდომა. მან გადაიბირა ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე, პეტროვი. პეტროვის ჩხრეკისას  ნატო-ს დოკუმენტები გრიფით საიდუმლო იპოვეს. ასევე, ჯგუფის წევრი იყო ლიუობიმირ მედაროვი, ყოფილი მზვერავი და დიპლომატი, რომელიც ამ დროისთვის ბულგარეთის პარლამენტის საიდუმლო საქმეთა წარმოების განყოფილების უფროსად მუშაობდა. მის ხელში ქვეყნის უამრავი საიდუმლო გადიოდა. ასევე, ერთ-ერთი, ვინც კრემლს საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდა, ბულგარეთის დაზვერვის იმ სამსახურის თანამშრომელი იყო, რომელიც ჰიბრიდულ საფრთხეებსა და რისკებზე მუშაობდა.  დაკავებულ ჯაშუშებს შორის ბულგარეთის სადაზვერვო სამსახურის ვეტერანიც მოხვდა, რომელიც ამ ქვეყნის სამხედრო კონტიგენტის წევრი საზღვარგარეთ არაერთხელ იყო.

როგორც ბულგარეთის მედია წერს, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება სამართალდამცველებმა მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა,  უკვე ეროვნული ინტერესებისთვის გამოუსწორებელი ზიანი  მიეყენებინათ და თვალთვალიც უკვე უსაფრთხო აღარ იყო. დაკავებები სოფიისა და პერნიკეს რამდენიმე კვარტალში მოხდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიმალვას შეეცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა დედაქალაქის ყველა გასასვლელი გადაკეტეს და საპასპორტო კონტროლი დააწესეს.

ბულგარეთის პროკურატურამ მტკიცებულებების სახით გამოაქვეყნა ამ ჯაშუშური ქსელის წევრების საუბრების ჩანაწერები, სადაც ისინი გაწეულ სამუშაოსა და რუსებისგან მიღებულ ანაზღაურებაზე მსჯელობდნენ. ცოლ-ქმარი იმის შესახებაც საუბრობდა, თუ სად და როგორ შეინახავდნენ აღებულ ფულს. ასევე, ირკვევა, რომ ივლიევი მუდმივად ატრენინგებდა თავის ჯაშუშებს და ასწავლიდა იმას, თუ როგორ უნდა მოეპარათ სწორად  საიდუმლო ინფორმაცია.

რა საიდუმლოებებს იპარავდნენ რუსული ჯაშუშური ქსელის წევრები

ბულგარეთის პროკურატურამ  დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ის პრიორიტეტული თემებია ასახული, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც  რუსეთის სპეცსამსახურმა  ამ ბულგარულ აგენტურულ ჯგუფს დაავალა. ირკვევა, რომ რუსეთის ჯაშუშები არა მხოლოდ ბულგარეთის შიდა საიდუმლოებების, არამედ ნატო-ს საიდუმლო ინფორმაციის ხელში ჩაგდებაზე იყვნენ ფოკუსირებულები. გრუ-ს ინტერესთა სფეროსა და ამ ჩამონათვალში მოხვდა შემდეგი საკითხები:

რას წარმოადგენს ნატო-ს საკოორდინაციო ცენტრი ვარნაში – მიზნები, განვითარების გეგმები, თანამშრომლები, დაფინანსება, სხვ.; ნატო-ს ოპერაციები სხვადასხვა რეგიონში ( გეგმები, მიზნები, დაფინანსება, შედეგები), ნატო-ს სხვადასხვა კომიტეტის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები; ინფორმაცია ნატო-ს კომუნიკაციებისა და ინფორმაციების სააგენტოდან; საკითხები, რომლებიც ეხება ნატო-სა და ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთთან, ბელარუსთან, უკრაინასთან მიმართებით; მონაცემები საკონტაქტო პერსონების შესახებ უცხო ქვეყნებიდან ( დეტალური ინფორმაცია); ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების შესახებ ამერიკელ, ბრიტანელ, გერმანელ წარმომადგენლებთან (მონაწილეების მონაცემები, დისკუსიების თემები); მონაცემები ერთობლივი საოპერაციო პროგრამების შესახებ; ინფორმაცია პარტნიორების მიერ ორგანიზებული პრაქტიკული ტრენინგების, წვრთნების თაობაზე; ინფორმაცია ფინანსური დახმარებების შესახებ.

ბულგარეთის მთავარმა პროკურორმა – ივან გეშევმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, არ გაყიდონ სამშობლო კაპიკებში. მან დასძინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას რუსეთი  არ სძულს და არც რუსოფობი არ არის: „ჩვენ ეს ქვეყანა არ გვძულს, მაგრამ ვალდებულები ვართ, ჩვენი სამშობლო დავიცვათ”, – განაცხადა მან.  ბულგარეთის პირველი პირების თქმით, ამ ქვეყანას არ სძულს არც რუსი ხალხი, ან რუსული კულტურა, მაგრამ ბულგარეთი ვალდებულია,  ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ებრძოლოს რუსეთის დანაშაულებრივ გავლენებს ბალკანეთზე. აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს ევროპაში რუსების ჯაშუშების საქმიანობა მწარე ფიასკოს უკვე განსაკუთრებით ხშირად განიცდის. მხოლოდ ბულგარეთიდან 2019 წლიდან დღემდე უკვე ათამდე რუსი დიპლომატი შპიონაჟის გამო გააძევეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ელჩმაც და სხვებმაც ჩვეული რიტორიკა აამუშავეს. ისინი ამბობენ, რომ რუსოფობი ძალები რუსეთ-ბულგარეთის დიალოგი ჩაშლასა  და რუსეთის დემონიზებას ცდილობენ. თუმცა, ეს განცხადებები აბსოლუტურად კომიკური აღმოჩნდა, რადგან ბულგარეთის პროკურატურამ კრემლის დანაშაულებრივი საქმიანობის მამხილებელი არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კრემლი ძირს უთხრის  როგორც დასავლურ სამყაროს, ასევე, თავისივე პარტნიორ ქვეყნებსა და მათ უსაფრთხოებას. კრემლის მიერ საჯაროდ გაცხადებული, უსაფრთხო გარემოს მშენებლობა ერთი დიდი სიცრუეა, რადგან რეალურად ის თავის სპეცსამსახურებს არა მხოლოდ მტრული, არამედ პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგაც ამუშავებს. თანაც, ამ ჯაშუშურმა სკანდალმა აჩვენა, რომ  კრემლი აგრესიულ დანაშაულებრივ  აქტივობებს საგარეო კუთხით ზრდის, ხოლო ფედერაციის შიგნით  პუტინის ძალაუფლების რყევა დაიწყო.

ქეთევან დარბაისელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები