საგარეო საქმეთა სამინისტრო – “ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვა წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო.
საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას.
წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ტრაგედიაზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში.
დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილული იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში. საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების ინფორმირება.
საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. დამატებით, გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ.