თურქეთში ინფიცირების თითქმის 50 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეანიმაციული განყოფილებები 66,5%-ით არის შევსებული

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 49 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის ახალი რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდული რიცხვები 40-45 ათასის ფარგლებში მერყეობდა. ქვეყნის მოსახლეობა 83 მილიონს შეადგენს.

ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების მონაცემით, ქვეყანაში რეანიმაციული განყოფილებები 66,5%-ით არის შევსებული, მხოლოდ ბოლო ერთ დღეში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 2500 ადამიანია გადაყვანილი.

აღინიშნება, რომ, 31 მარტის მდგომარეობით, დღიური მაჩვენებელი, საშუალოდ, 40 ათასზე ნაკლები იყო, მეორე ტალღის დროს, დაახლოებით, 30 ათასი.

სპეციალისტების ვარაუდით, უახლოეს დღეებში დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 60 ათასს მიაღწიოს, ამის შემდეგ კი დაიწყება კლება.

ე.წ.გაზაფხულის ტალღის ასეთ მაჩვენებელს უკავშირებენ სხვადასხვა შტამის მუტაციას, განსაკუთრებით, ე.წ. ბრიტანული. ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას თქმით, ამჟამად ე.წ. ბრიტანული შტამი ინფიცირების 75%-ს შეადგენს.

29 მარტს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა საკარანტინო ზომები გაამკაცრა, კერძოდ, მაღალი რისკის რეგიონებში უქმე დღეებში 24-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყოველდღიური 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რამადანის დღესასწაულზე, რომელიც 13 აპრილს დაიწყება, უქმე დღეებზე 24-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები