რატი იონათამიშვილი: სერგი კაპანაძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, სადაც სერგი კაპანაძე წერს – “არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი”.
იონათამიშვილის თქმით, კაპანაძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია.
„სერგი კაპანაძის განცხადება იყო სამარცხვინო და იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩვენი ქვეყნის საგარეო მიმართულება შემაშფოთებლად არაკომპეტენტურ გუნდს ებარა. ასევე, ის მცდელობები, თუ როგორ ცდილობდა, „გაეპრავებინა“ კასეტური ბომბების გამოყენების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია და მას შესაბამისი შეფასება მოჰყვება, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მსგავსი განცხადებები და მსგავსი პარტიის წარმომადგენლები ვერასოდეს დააზიანებენ“, – განაცხადა იონათამიშვილი.