ნავალნისთან მედიკოსებს არ უშვებენ, ციხესთან აქციის მონაწილეები დააკავეს

ვლადიმირის ოლქში, სადაც #2 გამასწორებელი კოლონია მდებარეობს, რომელშიც ოპოზიციონერი – ალექსეი ნავალნი იხდის სასჯელს, პოლიციამ გზა გადაკეტა.

კოლონიასთან დღეს მედიკოსები, მათ შორის, “ექიმთა ალიანსის” წევრები მივიდნენ, რომლებიც აქციას მართავენ მოთხოვნით, რომ პოლიტიკოსთან იყვნენ დაშვებულნი კვალიფიციური დახმარების აღმოსაჩენად.

როგორც “ექიმთა ალიანსის” ხელმძღვანელმა განაცხადა, მათი მიზანი “პროტესტის” გამოხატვა კი არა, არამედ “ნავალნის” გადარჩენაა. თუმცა, ანასტასია ვასილიევა დაწესებულებაში არ შეუშვეს, ასევე, ძალოვანებმა მედიის წარმომადგენლებს სთხოვეს, ობიექტის ტერიტორიაზე არ შევიდნენ.

ვასილიევამ განაცხადა, რომ ადგილზე ყოველდღე მივა, სანამ მას ნავალნისთან არ დაუშვებენ. თუმცა, მოგვიანებით, ძალოვანებმა ის დააკავეს.

გასულ კვირას ნავალნიმ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რადგან მასთან ექიმებს არ უშვებდნენ. მოგვიანებით, მასთან ადვოკატი – ოლგა მიხაილოვა შევიდა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკოსს ძლიერი ხველა და ტემპერატურა აღენიშნება, “შიმშილობის გამო მას ძალაც აღარ აქვს, მან კოლონიაში მოხვედრის მომენტიდან 13 კილოგრამი დაკარგა”.

5 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ნავალნი საპატიმროს სანიტარულ ნაწილში გადაიყვანეს, თუმცა, მასთან პოლიტიკოსის ოჯახის წევრების ნდობით აღჭურვილ ექიმებს არ უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები