კრემლში იმუქრებიან, რომ უკრაინის ნატო-ში შესვლის შემთხვევაში “ვითარება გაუარესდება”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო-ში უკრაინის შესვლა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

ამის შესახებ მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს გამართული სატალეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.

“ღრმად გვეპარება ეჭვი, რომ ეს უკრაინას დაეხმარება, გაუმკლავდეს შიდა პრობლემებს. ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას”, – თქვა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, ამგვარი გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ საუბრის დროს თქვა, რომ დონბასში ომს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაასრულებს.

“ჩვენ არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებას ვცდილობთ, მაგრამ რუსეთს მხოლოდ რეფორმებით ვერ შევაჩერებთ. ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის შესაჩერებლად. უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება”, – უთხრა ზელენსკიმ სტოლტენბერგს. საუბრის დასრულების შემდეგ, სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები