დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელთან საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება COVID–19-ის პანდემიის ფონზე არსებულ მდგომარეობას დაეთმო.
„ახალი კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ ბავშვებსა და მოზარდებზე უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი განურჩევლად ყველას უქმნის საფრთხეს, ის განსაკუთრებით მძიმედ სწორედ მოსახლეობის დაუცველ ფენებსა და ბავშვებზე აისახება. სიღარიბეში მყოფ ოჯახებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ამ კრიზისს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ და შეამცირონ მისი ნეგატიური ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, შინამეურნეობაში მცხოვრები ბავშვების უკიდურესი სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებელმა, UNISEF-ის მონაცემებით, 2009 წლიდან 2017 წლამდე 11,5%-დან 6,8 %-მდე იკლო, ხოლო ზოგადი სიღარიბე იმავე წლების მიხედვით 49%-დან 27%-მდე შემცირდა, COVID–19-ის პანდემიის ფონზე მდგომარეობა გაუარესდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბავშვების მატერიალური საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, ხოლო ბავშვთა წილი, რომლებიც ცუდი პირობების მქონე საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, საგრძნობლად შემცირდა, ბავშვებთა არასრულფასოვანი კვება პრობლემად რჩება და ბავშვებში სიღარიბის ალბათობა უფრო მაღალია მთელ მოსახლეობასთან შედარებით. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. სწორედ ამ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ღასან ხალილი”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაედება საფუძვლად.