უკრაინის კულტურის მინისტრი: თუ მომღერალმა სადღაც თქვა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი ვერ გახდება, ეს მისი კერძო მოსაზრებაა, ჩვენც ხომ თავისუფალი ქვეყანა ვართ
“უკრაინის უშიშროების სამსახური რუს მომღერლებს ყირიმში სტუმრობის გამო უკრაინაში ჩასვლას უკრძალავს, თუმცა, ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება მათი პირადი მოსაზრებაა”, – განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ.
”თუ მომღერალი ყირიმშია ნამყოფი, ცხადია, რატომ არის მისთვის უკრაინაში შესვლა აკრძალული. მაგრამ თუ ის საჯაროდ ამბობს, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი ვერასდროს გახდება – არის თუ არა ეს იმის საფუძველი, რომ ჩვენთან არ შემოუშვათ? თუ მომღერალმა სადღაც რაღაც თქვა, მაგრამ კანონი არ დაურღვევია, ეს მისი კერძო მოსაზრებაა, რომელსაც მხარს არ ვუჭერ, ვგმობ, მაგრამ ჩვენც ხომ თავისუფალი ქვეყანა ვართ. არ შეგვიძლია, ყოველი გამონათქვამის გამო აკრძალვები დავაწესოთ ან პირიქით, ორდენები დავარიგოთ”, – თქვა მან.
მაგრამ, მისი თქმით, თუ საჯარო პირი მუდმივად არის დაკავებული “პროპაგანდისტული საქმიანობით”, ეს, რასაკვირველია, შემოსვლაზე აკრძალვის უპირობო საფუძველი ხდება.