ნოდარ ხადური საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ფრანგული დელეგაციის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაცნობა საფრანგეთის ბიზნესწრეებისთვის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, აზერბაიჯანსა და რუსეთში საფრანგეთის საელჩოების ფინანსური და ეკონომიკური მრჩევლები. მხარეებმა ისაუბრეს ფრანგული მხარის მხარდაჭერით საჯარო და კერძო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფრანგული მხარე დაინტერესებულია განვითარდეს ფრანგი და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ურთიერთობები, რისთვისაც გამოითქვა მზადყოფნა, ორგანიზება გაუკეთდეს ერთობლივ ბიზნესფორუმებს და საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ფრანგი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოსადმი.