თენგიზ ფხალაძე: როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უფრო მეტად ზრუნავს შენს ქვეყანაზე, ვიდრე აქაური პოლიტიკოსი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა

“როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უფრო მეტად ზრუნავს შენს ქვეყანაზე, ვიდრე აქაური პოლიტიკოსი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, ის, რომ უცხოელი მომლაპარაკებელი გვჭირდება, დიდი პრობლემაა.

,,ბანალური ვითარებაა – ვერ ხერხდება სახელმწიფო ინტერესებზე კონცენტრირება, რაც უპირველესად პოლიტიკური კლასის უმწიფრობაზე მიუთითებს. ამაზე დანიელსონმაც ილაპარაკა. ჩვენ შევეჩვიეთ მხარეების ურთიერთბრალდებებს, ახლაც იგივე ხდება, ერთმანეთს აბრალებენ მოლაპარაკების ჩაშლას. შესაბამისად, ამ ვითარებაში ყველაზე სანდო მედიატორის სიტყვებია, რომელმაც თქვა, მხარეები არ აღმოჩნდნენ კომპრომისისთვის მზად და კომპრომისი უპირველესად ხელისუფლების პასუხისმგებლობააო. სამწუხარო მოსასმენი იყო მისგან, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები არ არიან მზად ეროვნული ინტერესების პარტიულზე მაღლა დასაყენებლად და შეთანხმების მისაღწევად. იმას, რაც ბოლო დროს ჩვენთან ხდება, ევროპულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უფრო მეტად ზრუნავს შენს ქვეყანაზე, ვიდრე აქაური პოლიტიკოსი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა.

ბოლო ხანს დანიელსონისა და სხვა არაერთი ევროპელი პარტნიორისგან მუდმივად გვესმის, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ საქართველოზე და ხელმძღვანელობდნენ არა პარტიული, არამედ – ეროვნული ინტერესით. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსებს ამის ახსნა სჭირდებათ, იმ ქვეყნის საქმე კარგად ნამდვილად ვერ იქნება.

ვფიქრობ, ამ მედიაციის ჩაშლით სერიოზული შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, რაც ცუდია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ – ქვეყნისთვის. ვიმეორებ – ამ პროცესში ჩვენ ნათლად დავინახეთ საქართველოს პოლიტიკური ელიტის სრული უმწიფრობა, მას არ შეუძლია ევროპული სტანდარტებით პოლიტიკური პროცესის წარმართვა. დანიელსონმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ არ აქვს ქართველი პოლიტიკოსების იმედი, მაგრამ დასძინა, რომ ქვეყანაში არის ძლიერი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი გადაფურცლავს თავისი ისტორიის ამ საკმაოდ მძიმე ფურცელს.

რაც შეეხება დანიელსონის დოკუმენტს, რატომღაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იმასაც კი მოელის, რომ ევროკავშირი ან აშშ გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, მაგალითად, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები. არადა, ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად გვითხრეს, რომ ისინი ასე არ მუშაობენ.

ისინი პატივს სცემენ საქართველოს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანას და მხოლოდ გვეხმარებიან, რომ გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვიღაცამ ის გააკეთოს, რაც ქართველი პოლიტიკური ლიდერების­ საქმეა­, ასეთი რამ არ მოხდება. ეს ვერ გაიგო ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა და ეს არის ქვეყნის უბედურება. ჩვენი პოლიტიკოსები ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მაგრამ რა არის ევროპული პოლიტიკა, წარმოდგენა არა აქვთ. დანიელსონი სათითაოდ ხვდებოდა ყველას, ისმენდა თითოეულის აზრს და აქედან გამომდინარე შეადგინა მოლაპარაკების ის პუნქტები, რომლებიც მოცემულია დოკუმენტში და რაზეც მხარეებს, მისი აზრით, შეეძლოთ შეთანხმება.

ის, რომ უცხოელი მომლაპარაკებელი გვჭირდება, დიდი პრობლემაა, მაგრამ უცხოელი რომ გვეუბნება, ქართველებო, სამშობლო გიყვარდეთ და ეროვნულ ინტერესებზე იზრუნეთო და ამის მერეც არ ვათხოვებთ ყურს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ხელი ავუკარით ევროკავშირს, მივედით ევროპარლამენტართა იმ წერილამდე, რომელშიც უკვე სხვა კილოთი გველაპარაკებიან – გვაფრთხილებენ, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი არ აღმოიფხვრა, მალე საქართველოსთან შეიძლება ვეღარ გაგრძელდეს ძველებურად ურთიერთობა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა მოელის ქვეყანას. სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, კარგი არაფერი. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს…

ახლა მთავარია, ქვეყანა გამოვიდეს ამ მართლაც ძალიან რთული და სამარცხვინო ვითარებიდან, რაც აზარალებს საქართველოს განვითარებასა და სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ დასავლეთი ამ პროცესში უფრო ქმედითად ჩაერთვება.

,,რაც შეეხება დანიელსონის კიდევ ერთხელ ჩამოსვლას, მედიატორი ჩამოდის მაშინ, როდესაც ხედავს, რომ აზრი აქვს მის მედიაციას და მხარეები ხვდებიან, რომ მოლაპარაკება საჭიროა. ისიც კი მოვისმინეთ ხელისუფლების ზოგიერთი წევრისგან, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდებაო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მხარეები მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოლაპარაკება და შეთანხმება ქვეყნისთვის. ამაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია. სწორედ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა – პრივილეგიას. დანიელსონის მისია რომ გაგრძელდეს, საჭიროა შეიქმნას სათანადო ნიადაგი – ან პოლიტელიტა, ბოლოს და ბოლოს, თვითონ გადადგამს პირველ ნაბიჯს, ან საკმაოდ მტკივნეული პროცესის გავლით მოუწევს შეთანხმების მიღწევა. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება. ეს ქვეყნისთვის აუცილებელია”, – აცხადებს ფხალაძე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის 2-რაუნდიანი მისია ჩაიშალა, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები